სსიპ ,,საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯი" გილოცავთ ზაფხულის პირველი დღის, წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანებისა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 ივნისს, საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის 1700 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაქრისტიანება. ლეგენდის თანახმად, მარიამ ღვთისმშობელმა წმინდა ნინო სამოციქულოდ საქართველოში წარმოაგზავნა და თან ვაზის ჯვარი გადასცა. წმინდა ნინო კაბადოკიელი, 323 წელს საქართველოში ჩამოვიდა და მცხეთაში დაიდო ბინა. მან შეძლო მძიმე სენით შეწყრობილი დედოფალი ნანას განკურნება და ქართლის მეფე მირიანიც სასწაულის მოწმე გახადა, როდესაც უეცრად თვალთდაბნელებულ მეფეს მზის სინათლე დაუბრუნა. ამის შემდეგ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარეს და წარმართული კერპები სახალხოდ დაამსხვრიეს. ეს მოხდა 326 წელს, IV საუკუნეში. წმინდა ნინო სოფელ ბოდბეშია დაკრძალული, ხოლო მისი ჯვარი ინახება თბილისის სიონის ტაძარში.
1925 წის 1 ივნისს, ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და დღესასწაული მოუწყო. იმავე დროს, ჟენევაში ჩატარდა ბავშვების თემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია. ხოლო, 1949 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბავშვთა პრობლემებმა დიდი აქტუალობა შეიძინა. ომის შემდეგ, მთელი მსოფლიოსათვის დიდ საფიქრალს წარმოადგენდა მომავალ თაობაზე ზრუნვა და ფიქრი. სწორედ ამიტომ, პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესზე დადეს ფიცი, რომ უპირველესი ამოცანა ყოფილიყო მშვიდობის შენარჩუნება და ბავშვთა ბედნიერებაზე ზრუნვა. 1959 წლიდან კი ბავშვთა დაცვის დღემ ყოველწლიური სახე მიიღო და იგი აღინიშნება თითქმის ყველა ქვეყანაში. ამ დღისადმი სპეციალურად შექმნეს დროშა, რომელიც აერთიანებს მთელი დედამიწის კაცობრიობას და მოუწოდებს ერთობისაკენ. ამ დღეს იმართება მრავალი ღონისძიება, რომელიც მიმართულია ბავშვების კეთილდღეობისა და გუნება-განწყოფის ამაღლებისაკენ.
გავზარდოთ ბავშვები სულიერად და ფიზიკურად ძლიერები.